Google და Levi’s-ი სენსორულ ჯინსებს გამოუშვებენ

Google-ის ქვედანაყოფმა, Advanced Technology And Projects-მა (ATAP), სან-ფრანცისკოში, კონფერენცია Google I/O-ზე დააანონსა მიკროსენსორები, რომელთა ინტეგრაცია შეიძლება ქსოვილში, რაც მისგან შეკერილ ტანსაცმელს ელექტრონულ მოწყობილობად აქცევს.

მოსალოდნელია, რომ ამ პროექტის ფარგლებში, Google ტანსაცმლის მწარმოებელ ცნობილ ბრენდებთან ითანამშრომლებს. პირველ ეტაპზე კი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის პარტნიორი, ჯინსების მწარმოებელი Levi’s-ი იქნება.

პროექტის სახელწოდებაა Project Jacquard-ი და მისი წარდგენისას კონფერენციაზე, ივან პუპირევმა განაცხადა, რომ „სენსორული“ ქსოვილისგან შეკერილი პიჯაკი აცვია. ATAP-ის სპეციალისტებმა მოიფიქრეს როგორ უნდა ინტეგრირდეს სენსორები ქსოვილში, რათა შემდეგ შესაძლებელი გახდეს მისგან ტანსაცმლის შეკერვა და შემდგომში მისი მოვლა.

პუპირევმა პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ მისნაირი პიჯაკის მფლობელს, მაგალითად, სატელეფონო ზარზე პასუხის გაცემა შეუძლია ერთ-ერთ სახელოზე ხელის გასმით.

ამ პროექტის ფარგლებში Levi’s-ი ელექტრონული ჯინსების შეკერვას აპირებს, განაცხადა Levi’s-ის გლობალური ინოვაციური პროდუქციის მიმართულების ხელმძღვანელმა პოლ დილინჯერმა.

გაზიარება