51-ე ბატალიონის პირველი ნაკადი ავღანეთიდან დაბრუნდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის პირველი ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 150 სამხედრო მოსამსახურეს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გოჩა რატიანი და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე დახვდნენ. მათ ქართველ სამხედროებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს.

V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები 6 თვის განმავლობაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მსახურობდნენ. ქართველი სამხედროები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებდნენ. მათი მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. ბაგრამის საავიაციო ბაზაზე 51-ე ბატალიონი, როტაციის წესით, IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა.

51-ე ბატალიონის სამხედროები საქართველოში უდანაკარგოდ დაბრუნდნენ. რამდენიმე კვირაში 51-ე ბატალიონის სრული პირადი შემადგენლობა სამშობლოში იქნება.

გაზიარება