2013-2015 წლებში სახელმწიფომ 147 მილიონი ლარის ავტომობილები შეიძინა

2013-2015 წლებში სახელმწიფომ 147 მილიონი ლარის ავტომობილები შეიძინა. ამის შესახებ კვლევას არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აქვეყნებს:

"23 თებერვალს მთავრობამ განაცხადა, რომ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას 12%-ით აპირებს. გთავაზობთ ინფორმაციას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიერ ბოლო წლებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვების შესახებ.

2013 წლიდან მოყოლებული სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებმა ჯამში დაახლოებით 147 მილიონი ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეიძინეს. 2013 წელს განხორციელებული შესყიდვების ღირებულება 2014 წლის შესყიდვებს დაახლოებით 9 მლნ. ლარით აღემატებოდა, 2015 წლის პირველ ორ თვეში კი ჯამში დაახლოებით 5.2 მლნ. შეადგინა.

2 წლის განმავლობაში 147 მლნ. ლარი საკმარისი იქნებოდა ყველა კატეგორიის პენსიონერის პენსიის 9 ლარით მოსამატებლად, ან 2 წლის მანძილზე მთელი სოციალური პაკეტის (შშმ პირები, სახელმწიფო კომპენსაციების მიმღებები, მარჩენალდაკარგული ოჯახები, საყოფაცხოვრებო სუბსიდიების და სხვა დახმარებების მიმღებები) მინიმუმ 30%-ით გასაზრდელად.

ტენდერების გზით შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებები

2013 წლის დასაწყისიდან დღემდე ავტოსატრანსპორტო საშუალებების[1] შეძენაზე სახელმწიფო უწყებებმა ტენდერების მეშვეობით დაახლოებით 113.8 მლნ. ლარი დახარჯეს. თანხები დაახლოებით თანაბრად გადანაწილდა 2013 (57.3 მლნ. ლარი) და 2014 (55.8 მლნ. ლარი) წლებზე. 2015 წლის ორ თვეში კი ამ მიმართულებით 570,900 ლარი დაიხარჯა.

ყველაზე მეტი, 31.7 მლნ. ლარი შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ დახარჯა, რომელთა დიდი ნაწილიც საპატრულო პოლიციის მანქანების შესყიდვას მოხმარდა. საავტომობილო საშუალებების შესყიდვის ხარჯებში რიგით მეორე ჯანდაცვის სამინისტროა, 2014 წელს გადახდილი 10.8 მლნ. ლარით. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2013 წელს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე 6.5 მლნ. ლარი დახარჯა, 2014 წელს კი მანქანები არ შეუძენია".

გაზიარება