„შალვა აბულაძის თავისუფლებაზე ყოფნის დრო იწურება, ის მალე მიეცემა პასუხისგებაში“

შალვა აბულაძის თავისუფლებაზე ყოფნის დრო იწურება, ის მალე მიეცემა პასუხისგებაში, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ გადაცემა „არჩევანში“ ჩართვისას განაცხადა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის ძებნის საქმეში სიახლეებია, თუმცა მინისტრის მოადგილემ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, თავი შეიკავა დაკონკრეტებისგან. მისივე თქმით, შალვა აბულაძე პასუხისგებაში მალე მიეცემა.

როგორც ტალაკვაძემ აღნიშნა, შალვა აბულაძის შემთხვევის განზოგადება და სისტემურ პრობლემად გადაქცევა არის სპეკულაცია.

„შალვა აბულაძის შემთხვევის განზოგადება და სისტემურ პრობლემად გადაქცევა არის სპეკულაცია. ეს არის დანაშაულის განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევა და განსაკუთრებულად მძიმე დამნაშავე, რომელსაც აქვს ქცევის არასტანდარტული წესები, რომელიც მოქმედებს გეგმაზომიერად, თუმცა გეტყვით დამაჯერებლად, რომ დღეს თუ ხვალ ის აუცილებლად დაჯდება ბრალდებულის სკამზე და მიეცემა პასუხისგებაში. მას მოუწევს პასუხი აგოს იმ გასროლებზე, რომელსაც მოყვა ორი პოლიციელის გარდაცვალება. უკვე არსებობს მტკიცებულებები, რომ ნამდვილად ერთიდაიგივე იარაღით მოხდა გასროლა ბორჯომის და ვარკეთილის შემთხვევაში და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ ეს ჩაიდინა ერთიდაიგივე ადამიანმა. მიდის ძებნის ოპერაცია, ამ პროცესში არის სიახლეები, თუმცა მე თავს შევიკავებ გამოძების ინტერესებიდან გამომდინარე, რომ გავაჟღერო თუ რა სიახლეებია. გეტყვით იმას, რომ მისი გადაადგილების სივრცე და მისი თავისუფლებაზე ყოფნის დრო იწურება. ის ძალიან მალე მიეცემა პასუხისგებაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი და დეტექტივის თანაშემწე – გამომძიებელი ვალერიან გრძელიშვილი 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, მეტროსადგურ “ვარკეთილთან”, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით შალვა აბულაძე შეაჩერეს. შალვა აბულაძემ მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება.

მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები შალვა აბულაძის დაკავების მიზნით. გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურა აწარმოებს.

kvira.ge

გაზიარება