ხადური: მომავალ კვირას გაირკვევა, რომელი უწყება შეამცირებს ან გაზრდის ხარჯს

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის ინფორმაციით, პრემიერმინისტრის დავალებით, სამინისტროები მომავალ კვირას წარადგენენ დაზუსტებულ მონაცემებს, რომელი სამინისტრო რა მიმართულებით შეამცირებს ხარჯებს და რომელი პირიქით, გაზრდის.

"გათვალისწინებულია, რომ ეკონომიკური ზრდა ნაცლად ხუთისა იქნება 2%, ხოლო ინფლაცია - 3%. ერთი, რაც დღეს ნამდვილად გადაწყვეტილია, ისაა, რომ სახაზინო ვალდებულებების ემისია შემცირდება 100 მილიონი ლარით. დღეს ჩვენ მივიღეთ დავალება, რომ გავაგრძელოთ კონსულტაციები მინისტრებთან და მომავალ კვირაში წარმოვადგინოთ უკვე დაზუსტებული მონაცემები, თუ რომელ სამინისტროს რა მიმართულებით ექნება თანხების ეკონომია ან პირიქით, თანხების გაზრდაც. აქ საუბარი არ არის მხოლოდ თანხების შემცირებაზე. ჩვენ ამ დღეების განმავლობაში გვექნება აქტიური კომუნიკაცია ადგილობრივ თვითმმართველობებთან იმავე მიმართულებით და ვთხოვთ, გადახედონ ბიუჯეტს იმისათვის, რათა მიღწეული იყოს მთავარი პირობა, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის და, ზოგადად, ბიუჯეტის დეფიციტი არ აღემატებოდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ს", - თქვა ხადურმა.

http://www.tabula.ge/

გაზიარება