წულუკიანი: სამინისტროს ბიუჯეტი ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯზე შემცირდება

იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებების შემცირება და უკან დაბრუნება მოუწევს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

წულუკიანის თქმით, იმ სამინისტროებმა, ვის სსიპ-ებსაც აქვთ დამატებითი შემოსავლები, თავიანთი ეკონომიები ბიუჯეტს უნდა გადასცენ.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ბიუჯეტის შემცირება ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯზე მოხდება. ასევე აღარ აშენდება მცხეთის იუსტიციის სახლი.

"რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს, მე უკვე წინასწარ ვიცი, რომ ბიუჯეტში უნდა გადავრიცხო, მაგალითად, მცხეთის იუსტიციის სახლის თანხა, რომელიც აღარ აშენდება. ბიუჯეტში უნდა გადავრიცხო ნაწილობრივ ბორჯომის და თიანეთის იუსტიციის სახლებიდან დარჩენილი თანხები, რაც არ უნდა საჭირო იყოს ის სხვა მხრივ. ვეღარ აშენდება, სავარაუდოდ, ორი სოფლის სახლი საქართველოში, საჯარო რეესტრს მოუწევს, საკუთარი სათავო ოფისის მშენებლობის დაწყების ნაცვლად, 3 მილიონი გადასცეს საკუთარი ეკონომია ბიუჯეტს და ა.შ. იუსტიციის სამინისტროს სისტემის შემთხვევაში, ეს ძირითადად იქნება ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯზე. რაც შეეხება ხელფასებს, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, მათ შორის იუსტიციაში, რომ არ შემცირდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, ახალი თანამშრომლების აყვანა და ხელფასების გაზრდაზე საუბარი ჩემს შემთხვევაში ვერ იქნება", - განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა თანხით შემცირდება იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტი. კონკრეტული რიცხვი ფინანსთა მინისტრ ხადურთან შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.

http://www.tabula.ge/

გაზიარება