შიშო, გამოდი გარეთ

ადამიანის თითის ანაბეჭდი არ მეორდება, რაც ადასტურებს მის ერთადერთობას, უნიკალურობას.

ჩვენი რელიგიის მიხედვითაც აქ, ამ სამყაროში ერთადერთხელ ვიბადებით, ერთადერთხელ ვიღებთ გამოცდილებას, გვეშლება, ვასწორებთ, ვნანობთ, გვტკივა.. მერე მივდივართ და მიგვაქვს ჩვენი ცოდნა იმედია, იქ, სადაც ყოფნა გვინდა, საიდანაც გამოგვყარეს.

ამავე დროს, “რაც ყოფილა იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება; არაფერია მზის ქვეშ ახალი”.

“აღმოხდება მზე და ჩადის იგი, უბრუნდება თავის ადგილს და კვლავ იქიდან ამობრწყინდება”.

“სამხრეთისაკენ მიჰქრის ქარი, გაბრუნდება ჩრდილოეთისკენ; ბრუნავს, ბრუნავს, მიჰქრის ქარი და უბრუნდება ისევ თავის წრეს.”

“ნახავენ რასმე და იტყვიან: აჰა, ახალი. ესეც ყოფილა ჩვენს წინარე საუკუნეში”.

და ბოლოს, “ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაო”… (ეკლესიასტე. ძველი აღთქმა), ამ დასკვნითი ფრაზით მთელი კოსმოსის, სამყაროს კანონზომიერება და მარადიულობა ერთგვარად მოსაწყენ უაზრობადაც კი გამოაცხადა.

ის, რომ ყველაფერი ყველა დროს ერთმანეთის მსგავსად ვითარდება და მეორდება, ამაში დადებითი მეტია, - განმეორებადი სიტუაციები რომ არ არსებობდეს, ყოველი მომხდარი ფაქტი უსარგებლო იქნებოდა ჩვენი მეხსიერებისთვის. ადამიანი ვერ შეიძენდა გამოცდილებას.

თითის ანაბეჭდის გამოყენება 1892 წლიდან დაიწყეს. არასდროს, არცერთხელ არ დამთხვევია? საუკუნეების მანძილზეც კი? მკვდრის და ცოცხლისაც არა? საოცრებაა მართლაც.

ე.ი. ყველაფერი იგივეა და მაინც ყოველთვის სხვადასხვა?

ჩვენი აღქმისთვის მონიჭებული არც გრძნობა, განცდის სახეობაა ბევრი; შიში, ტკივილი, სიყვარული, სევდა, სიხარული... მოკლედ, ათას ნახევარტონად და სინონიმად თუ არ დაშლი, ამ ჩვენს უნიკალურანაბეჭდებიან თითებზე სულ იოლად ჩამოთვლი. ამ ერთი და იგივე განცდის გავლით თითოეული ადამიანის თავს გადახდენილ ისტორიას კი ვინ მოთვლის რამდენია.

პრინციპში, მუსიკალური ნოტიც სულ რაღაც შვიდია, მელოდია კი უთვალავი.

ჩვენს გრძნობებს შორის ერთერთი საბაზისო, ფუნდამენტური განცდა, შიში ამოვირჩიოთ. ადამიანი ხომ გმირიც კი მშიშარაა, მას უკიდურესად ეშინია საკუთარი თავის, “იდეალური მეს” წინაშე უღირსად წარმოჩენის, პრინციპების ღალატის, სხვის წინაშე კი შერცხვენის.

ზუგდიდში ერთი სასიამოვნო ქალბატონი მე და ჩემს მეგობარს გვიხსნიდა, რატომ ვერ გაბედა ხალხის ნაწილმა არჩევნებზე ხმის მისაცემად გამოსვლა: აწამეს, დააპატიმრეს, ცოლი გაუუპატიურეს, შვილების გაუპატიურებით ემუქრებოდნენ…

ჩემი მეგობარი გაფართოებული თვალებით უსმენდა და ბოლოს აღმოხდა, “კი მაგრამ ქალბატონო, რაღასი ეშინოდათ? კიდევ რამე არსებობს, რომ ყოველგვარი შიშის ზღვარი გადალახოს ადამიანმა?”

სამწუხაროდ, ხანდახან შიში ისეთ რეგისტრში გადადის, როცა მას ადამიანი მსგავსი ლოგიკით ვეღარ აკონტროლებს, ვუხსნიდი მეგობარს. ბოლოს ასეთი რაღაცნაირი მაგალითი მოვუყვანე, აი, შენ რომ კალია შემოგახტება და არაადეკვატურ მოძრაობებს აკეთებ, ხომ იცი, რომ კალია ვერც შეგჭამს და ვერც მოგერევა, სხვა, უფრო რეალური საფრთხის შიში ასე მაინც წარმოიდგინე-თქო.

ადამიანს ეშინია ყველაფრის. საკუთარი თავის, სხვისი, თავისივე გამოგონილი ტექნოლოგიების, ღმერთების, დემონების, სიცილის, ტკივილის, ავადმყოფობის, ღია სივრცის, დახურული სივრცის, ხალხმრავლობის, მარტოობის, სხვისნაირობის, გამორჩეულობის, სიყვარულის, უსიყვარულობის, ცვლილების, ერთფეროვნების, დასაწყისის, დასასრულის…

არსებობს მოსაზრება, რომ ნებისმიერი შიშის ფუნდამენტი, როგორი ინტერპეტაციით და “თარგმანითაც” არ უნდა გვევლინებოდეს ის, საბოლოოდ მაინც სიკვდილის შიშია, მაგრამ არ ვეთანხმები. ადამიანების თვითმკვლელობის სურვილი კატეგორიულად უპირისპირდება ამ მოსაზრებას. მითუმეტეს, რომ ასეთი რამეც მომისმენია, “თავს მაშინ მოვიკლავ, როცა დავრწმუნდები, რომ მოვკლავ სულსაც და არსად შემორჩება, არსად იცოცხლებს, ნამდვილად ყველაფერი დასრულდება; ასეთიც, “შვილებიც უნდა მოვკლა, რომ არ გაიარონ ის ტანჯვა, რასაც სიცოცხლე ჰქვია”.

აქედან გამომდინარე ვვარაუდობ, რომ ფუნდამენტური შიშის მინიმუმ ორი სახეობა არსებობს, სიცოცხლის შიში და სიკვდილის შიში.

თუმცა გერმანელმა ფსიქოანალიტიკოსმა, ფრიც რიმანმა ბევრად ნატიფად და უკეთ “დათვალა” შიშის ძირითადი სახეობები. მისი აზრით ადამიანების ყველა შიშის საფუძველი ოთხი მთავარი შინაარსისაა:

ერთგულების შიში, როგორც “მეს” დამოუკიდებლობის დაკარგვის განცდა;

შიშის ეს ფორმა ადამიანს სხვა ადამიანებისგან ემოციური თვალსაზრისით დისტანცირებულს ხდის. არ შეუძლია უყვარდეს და არ სჯერა, რომ უყვართ. უჭირს დახმარების მიღება, რადგან ეშინია, დავალებული და დამოკიდებული არ გახდეს სხვაზე.

პიროვნებად ჩამოყალიბების შიში, როგორც დაუცველობისა და სიმარტოვის განცდა;

ამ ტიპის მშიშრებს, პირიქით, “ზედმეტად უყვართ”, მზად არიან თავი მსხვერპლად შეწირონ, ოღონდ არ დარჩნენ მარტო და მარტო დარჩენის საფრთხის შეგრძნებისას, ხშირად მიმართავენ დანამუსების ტერორს, “შენ შემოგწირე ყველაფერი”, რადგან გადასარჩენად სხვა გზა აღარ დარჩენიათ, მათ უბრალოდ არ იციან სხვის გარეშე არსებობა. შიშის ამ ფორმას, ერიჰ ფრომის სიტყვები განსაკუთრებით “უხდება”: “მე შენ მჭირდები, რადგან მიყვარხარ, მე შენ მიყვარხარ, რადგან მჭირდები”.

ცვლილებების შიში, როგორც წარმავალობის განცდა;

ამგვარი შიშით შეპყრობილებს უჭირთ სიახლის მიღება, თავგანწირვით და განსაკუთრებით ეფარებიან ტრადიციას, როგორც ყოველი უცხო მოვლენისგან თავშესაფარს. უცნობისა და უჩვეულოსთვის თავის არიდებით ადამიანი ნამდვილად პოულობს სიმშვიდეს, მაგრამ სამაგიეროდ რისკავს წინსვლის, ცნობისმოყვარეობის, ინტერესების იმპულსის დაკარგვას და ამუხრუჭებს განვითარებას.

გარდაუვალობის შიში, როგორც დასასრულისა და შებოჭილობის განცდა;

მშიშრების ეს კატეგორია, პირიქით, იოლად რისკავს ყველაფერს, ესწრაფვის “ყველა შანსის გამოყენებას”, შანსი ხომ ერთხელ ჩნდება და არ განმეორდება! ამ სასოწარკვეთილებით შეპყრობილი განსაკუთრებული სიხარბით ეწაფება სიცოცხლეს, სიახლეს და ამგვარად ცდილობს მოიპოვოს მოჩვენებითი თავისუფლება, რაც ქმნის საფრთხეს, რომ ყოველგვარი ზღვარის მოშლით წარმოსახვისა და სურვილების ილუზორულ სამყაროში მოექცევა.

მოკლედ, ძვირფასებო, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მშიშრები ვართ.

რით დაგამშვიდოთ? ალბათ ყველაფერს აჯობებს, იმ საიდუმლო ცოდნით, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ.

ერთხელ, რაჭაში, ძალიან პატარა რომ ვიყავი, ძალიან დიდი ძაღლი გამომეკიდა. ბებერი კოპიტის ძირას ვთამაშობდი. კოპიტიდან ჩემს სახლამდე მოხნული მიწის ნაკვეთი უნდა გადამერბინა. ჩემი პატარა ფეხებისთვის მიწის მოზრდილი ბელტები დიდი წინაღობა იყო. მხსნელმა ჰორმონმა, ნორადრენალინმა, რომელიც ორგანიზმში გაქცევისა და შებრძოლების მზადყოფნის მობილიზებას ახდენს, არ მიღალატა და სწრაფად ვირბინე, ძაღლი ვერ დამეწია. სახლთან მისულს უკვე უფროსებიც წამომეშველნენ. ბებომ აფართხალებულ გულზე ხელი დამადო და რაჭველი შამანებისგან ნასწავლი ჯადოსნური სიტყვებით გაანადგურა შიში:

"გულო მოდი შინა, ნეტა რამ შეგაშინა? შეგიკერავ ჭრელა-ჭრულა კაბასა და საგულესა. ნუ წამიხვალ საგულედან.

გულო დაწყნარდი, დამშვიდდი.

შიშო გამოდი გარეთ, გამოიარე კარი, გამოიარე სახლი, ამ ნათიას გამოეყარე.

თეთრი ქორი ქანდარასა, მამალი საყივარასა, დედალი საბუდარასა, შენი გული აქანასა".

ამ სიტყვებს რომ ჩაილაპარაკებთ, ხელის თითები უნდა შეკრათ და მზის წნულზე, მე რომ გულის კუნჭულს ვეძახი, სამჯერ შეეხოთ აფორიაქებულს და სამჯერ კოცნისმაგვარი ხმა გამოსცეთ...

შიში უკვალოდ ქრება.

liberali,ge

გაზიარება