ფაჩულიამ NBA-ში ერთბაშად რამდენიმე რეკორდი დაამყარა

NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში 21 მარტს გამთენიისას, ერთმანეთს ბრუკლინ ნეტსი და მილუოკი ბაქსი დაუპირისპირდნენ. ვისკონსინურმა გუნდმა მძიმე ბრძოლაში, მესამე ოვერტაიმში დათმო შეხვედრა, ანგარიშით - 129-127.

ამ შეხვედრაში ისტორიული შედეგი დააფიქსირა ბაქსის ცენტრმა, ზაზა ფაჩულიამ. აქამდე NBA-ს ისტორიაში მეტოქის ფარზე 18 მოხსნა მხოლოდ დენის როდმანს და ჩარლზ ოკლის ჰქონდათ გაფორმებული, ყველაზე მეტი - 19 და 21 კი მოზეს მელოუნს დაუგროვებია. ფაჩულიას 18 მოხსნა NBA-ს ისტორიაში შევიდა, როგორც ყველა დროის მესამე შედეგი.

ეს ასევე მილუოკის ბაქსისთვის რეკორდული მაჩვენებელია - 1976 წელს სვენ ნეიტერმა მეტოქის ფარზე 15-ჯერ მოხსნა ბურთი, რაც აქამდე საუკეთესო შედეგად ითვლებოდა.

ქართველმა მთლიანობაში 22 ქულა 21 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, რაც მისთვის ასევე რეკორდულია - პირველად გადააბიჯა სტატისტიკის ერთბაშად ორ მაჩვენებელში 20-ს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა NBA-ში კარიერაში ყველაზე მეტი ქულა 2007 წელს ატლანტა ჰოქსის მაისურით, ვაშინგტონ ვიზარდსის წინააღმდეგ მოაგროვა - 27.

რაც შეეხება მილუოკი ბაქსს, გუნდი აღმოსავლეთში მე-6 ადგილზეა.

tabula.ge

გაზიარება