სექსუალურობა მხოლოდ შვილთაჩენისთვის არ აკურთხა უფალმა, იგი ღვთის საჩუქარია

“ჩემო კეთილო მეგობრებო! გავკადნიერდები და ჩვენს საზოგადოებაში თითქმის ტაბუდადებულ თემას – სექსუალურობის საკითხს შევეხები. ვიცი ბევრი კონსერვატორულად განწყობილი ადამიანის რისხვას დავიმსახურებ, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგან მიმაჩნია, რომ ამ საკითხზე ჯანსაღი დისკუსიის არარსებობამ ბევრი ქართული ოჯახი დანგრევის პირამდე მიიყვანა. უმორჩილესად გთხოვთ, ნუ იფიქრებთ, თითქოს მე ამ პოსტით უკანასკნელი ინსტანციის ჭეშმარიტების დეკლარირებას ვცდილობდე. მე თქვენდამი სიყვარულმა მაიძულა გამომეთქვა ჩემი აზრი ამ თემაზე, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.

სექსუალურობა ღვთის საჩუქარია! სექსი ქორწინების საიდუმლოთი გაცისკროვნებული ცოლ-ქმრისთვის ღვთისგან ნაკურთხი ნუგეშია. ის, რომ ღმერთმა შექმნა ორი სხვადასხვა სქესის ადამიანი, ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს ამ მოსაზრებას. როგორც მამას უხარია, როცა ბავშვი მისგან ნაჩუქარი საჩუქრით ხარობს, ისე უფალს უხარია, როცა ცოლი და ქმარი ღვთისგან ნაკურთხი სექსუალურობით ხარობენ.

არის მოსაზრება, რომ სექსუალურობა მხოლოდ შვილთაჩენისთვის აკურთხა უფალმა, მაგრამ ეს უდიდესი შეცდომაა! ეს ასე რომ იყოს მაშინ ყოველი სექსუალური აქტის მერე უნდა ისახებოდნენ ბავშვები და უშვილო ოჯახები საერთოდ არ უნდა არსებობდნენ, მაგრამ ეს ასე არ არის და სწორედ იმიტომ, რომ სექსუალურობა, უპირველეს ყოვლისა, ღვთისგან ნაკურთხია, როგორც ცხონების ერთ-ერთი საშუალება! ცოლქმრის სექსი არ არის მრუშობა, რადგან დაქორწინებულთა სარეცელი ნაკურთხია! მრუშობაა სექსი ქორწინების გარეშე! და ისიც არა იმიტომ, რომ თავად სექსია რაიმე საძრახისი, არამედ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ქორწინების გარეშე სექსი მიმართულია სიყვარულის წინააღმდეგ! ხოლო, რაც სიყვარულის წინააღმდეგ არის მიმართული ყველაფერი ცოდვაა!!! მოციქული პავლე ამბობს, რომ “ცოლის სხეული ქმარს ეკუთვნის, ხოლო ქმრის სხეული ცოლს”, რაც ქორწინებაში სექსის ნაკურთხობის პირდაპირი დადასტურებაა! ამიტომ ცოდვაა სწორედ მეუღლის სექსუალური უფლების შეზღუდვა და შელახვა! უფალმა ცოლ-ქმარი აკურთხა, რომ „ორნი გახდნენ ერთი“, რითაც დაქორწინებულთა სექსი სულიერ საიდუმლოთა რანგში აიყვანა და ნებისმიერი მცდელობა ამ კურთხევის შეზღუდვის ან რეგლამენტირებისა სახარების სწავლების წინააღმდეგ არის მიმართული.

სამწუხაროდ მორწმუნეთა შორის სექსი დემონიზირებულია, რაც ბერმონაზვნური სულიერი ტრადიციის იდეალიზაცით არის განპირობებული, მაგრამ ქაწულობა ცხონების მხოლოდ ერთ-ერთი საშუალებაა, როგორც ოჯახური ცხოვრება. და არც ერთი არ არის მეორეზე მეტი ან ნაკლები.

ბერები ქალწულობას ირჩევენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სექსუალურობამ არ გაფანტოს მათი ყურედღება უფლისგან. დაქორწინებულნი კი თავისი სექსუალურობის სწორი რეალიზაციით ერთმანერთს ეხმარებიან ცხონების საქმეში, რადგან სექსუალურად დაკმაყოფილებული პარტნიორი არის მადლიერი მეუღლე, კარგი მშობელი, მშვიდი მლოცველი და ერთგული მრევლი! უფალი, როცა ამ თემას ეხება, სექსუალური ქცევის არც ერთ ფორმას არ ანიჭებს უპირატესობას, მხოლოდ რეკომენდაციას გვაძლევს თითოეულმა თავისით გადაწყვიტოს, თუ რომელი ფორმის ტარება შეუძლია მას.

უმრავლეს შემთხვევაში, როცა ჩვენ ეკლესიურ ცხოვრებას ვიწყებთ, ძალაუნებურად ვცდილობთ ჩვენი ეკლესიურობა მეუღლესთან ურთიერთობაშიც დავაფიქსიროთ და ნელ-ნელა ვახდენთ მეუღლეთა ხატიზაციას და სექსუალურ ცხოვრებას ჩვენი ეკლესიურობისთვის შეუთავსებელ ქცევად მივიჩნევთ, რითაც უზარმაზარ უფსკრულს ვთხრით არა მართო ჩვენსა და ჩვენს პარტნიორს შორის, არამედ ჩვენს მეუღლესა და ეკლესიას შორის, რადგანაც ჩვენს პარტნიორს თავისი სექსუალური უფლების შელახვის მიზეზად ჩვენი ეკლესიურობა ევლინება. რითაც ვაძულებთ ჩვენს მეუღლეს ეკლესიას და თვით ღმერთს.

ქორწინების საიდუმლოს მთავარი აზრი ორი შეყვარებული სულის ცხონების საქმეში გაერთიანებაა, ურთიერთდახმარების მიზნით. სექსუალურობა კი ამ პროცესის წარმატებით დაგვირგვინების საქმეში უმთავრესი იარაღია! სექსი ალამაზებს და ამყარებს სიყვარულს, აღრმავებს პარტნიორთა ურთიერთნდობას, და ქმნის სულთა შერწყმის იდეალურ წინაპირობას! ამიტომ უდიდესი ცოდვაა მეუღლის ღალატი, მისი სექსუალური უფლებების დარღვევა! თანამედროვე ოჯახთა უდიდიესი ნაწილი დღეს ინგრევა სწორედ სექსუალური ცხოვრების არასწორი რეალიზაციის გამო, ან, ამა თუ იმ მიზეზით, მისი სრული უგულებელყოფის გამო.

შეხედეთ თქვენს მეუღლეს, გაიხსენეთ რამდენი უძილო ღამე გითენებიათ მასზე ფიქრში, რამდენი სიხარული და ტკივილი გადაგიტანიათ ერთად, რამდენი გულის საიდუმლო გაგიზიარებიათ მისთვის და თქვენ დამეთანხმებით, რომ თქვენი სულის ცხონების საქმეში ვერავინ შეგეწევათ ისე, როგორც ის უახლოესი ადამიანი. მოეფერეთ მას, გაუფრთხილდით მას და ნუ მოპარავთ მას იმ სიხარულს, რომელიც მისთვის ღვთისგან ნაკურთხია და ვინ იცის, იქნებ ის გახდეს თქვენი ერთადერთი გამართლება ღვთის წინაშე.“

ბერი ერმოლაოს ჭეჟია

გაზიარება