საქართველოს საელჩოებში „ოსკარის“ პრემიაზე წარდგენილი ფილმის „მანდარინების“ ჩვენება გაიმართა.

საქართველოს საელჩოებში უკრაინაში, ჩეხეთსა და ესტონეთში „ოსკარის“ პრემიაზე წარდგენილი, ესტონურ-ქართული ფილმის „მანდარინების“ ჩვენება გაიმართა.

ესტონეთის საელჩოში გამართულ ჩვენებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, თეა ახვლედიანმა, რომელმაც ისაუბრა ქართული კინოს მდიდარ ისტორიაზე, კინემატოგრაფიაში საქართველო-ესტონეთის წარმატებულ თანამშრომლობასა და ფილმ „მანდარინების“ საერთაშორისო აღიარებაზე. „მანდარინების“ თემატიკიდან გამომდინარე, ელჩმა ასევე ისაუბრა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქვეყანაში მეოცე საუკუნის 90-იანი წლების მოვლენებზე და საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ომის დაწყების წინაპირობებზე. ელჩმა დამსწრე საზოგადოებას ასევე მიაწოდა ინფორმაცია მოვლენათა შემდგომ განვითარებასა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ. ჩვენების შემდგომ გაიმართა დისკუსია საქართველოსა და რეგიონში შექმნილ ვითარებაზე.

უკრაინაში საქართველოს საელჩოში ფილმის ჩვენება საქართველოს და ესტონეთის საელჩოების ორგანიზებით და უკრაინის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. ფილმის ჩვენების წინ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს უკრაინის ვიცე-პრემიერ-მინისტრმა - უკრაინის კულტურის მინისტრმა ვიაჩესლავ კირილენკომ, ესტონეთის ელჩმა სულევ კანნიკემ და საქართველოს ელჩმა უკრაინაში მიხეილ უკლებამ. პრეზენტაციის წინ გამართულ მიღებაზე წარმოდგენილ იქნა ქართული და ესტონური სასმელები და მანდარინები.

პრაღაში საქართველოს საელჩოში ჩვენება საქართველოსა და ესტონეთის საელჩოების ერთობლივი ძალისხმევით გაიმართა. ჩვენების შემდეგ გამართულ მიღებაზე, დამსწრე საზოგადოებას საქართველოს საელჩო ქართული ტრადიციული კერძებით, ღვინითა ქართული მანდარინებით გაუმასპინძლდა.

გაზიარება