საქართველოდან ავტომობილები შესაძლოა თურქმენეთში გავიდეს

საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტისთვის ახალი ბაზრების მოძიება იგეგმება.

როგორც ჩვენთან საუბრისას "კავკასუს ბიზნეს ჯგუფის" ხელმძღვანელმა, გიორგი სურგულაძემ განაცხადა, არსებობს შესაძლებლობა, რომ ქართველი ავტოიმპორტიორებისთვის ახალი ბაზარი გაიხსნას. საუბარია თურქმენეთთან თანამშრომლობაზე.

გიორგი სურგულაძე: "აქტიურად ვმუშაობთ ახალ ბაზრებზე გასასვლელად. იწყება აქტიურობა თურქმენეთის მიმართულებით. პირადად შევხვდი თურქმენეთიდან ჩამოსულ რამდენიმე დილერს, რომელიც აქ ყიდულობს და იქ ყიდის ავტომობილებს, თუმცა თურქმენეთიც ჩაკეტილი ქვეყანაა და არ ვრცელდება ინფორმაცია საქართველოსთან დაკავშირებით. არ იციან რომ საქართველოში ასეთი დიდი ბაზარი არსებობს ავტომობილების. აგრეთვე ხელს გვიშლის ის, რომ არ არის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა თუქმენეთთან და იქიდან რომ ჩამოვიდეს ადამიანი სტამბულის ან მოსკოვის გავლით უწევს ამის გაკეთება, რაც უძვირებს ჩამოსვლას და ურთულებს. არის გარკვეული აქტივობები, რომ გაზაფხულზე პირდაპირი რეისი დაინიშნოს თუქმენეთთან. თურქმენეთიც საკმაოდ კარგი და დიდი ბაზარია".

საქართველოში ავტობიზნესს დღემდე სერიოზული პრობლემები აქვს. იმპორტიორების მესამედს საქმიანობის გაგრძელება უჭირს. ვითარების გართულება პირდაპირ უკავშირდება აზერბაიჯანსა და სომხეთში დაწესებულ რეგულაციებს. ახალ სტანდარტზე გადასვლა იმპორტიორების ნაწილმა ვერ შეძლო. ქართველი ავტოიმპორტიორები უკვე თითქმის ერთი წელია, რაც ბიზნესის "ჩავარდნას" უჩივიან. რამდენიმე თვის წინ ისინი bpn.ge-სთან საუბრისას იმასაც ამბობდნენ, რომ საქართველო მალე ავტომობილების "სასაფლაოდ" იქცეოდა.

bp.ge

გაზიარება