როგორ დავბლოკოთ და შევამოწმოთ Facebook აპლიკაციების წვდომა თქვენს პერსონალურ ინფორმაციაზე

უკვე რამდენიმე დღეა, კომპანია Facebook-ი და მისი მომხმარებლები ცდილობენ გაუმკლავდნენ პერსონალური მონაცემების დაუცველობასთან დაკავშირებულ სკანდალს. ინტერნეტში უამრავი ჭორი და სიმართლე გავრცელდა, ერთ-ერთი ასეთი ხუმრობა კომბინაცია BFF-ს გამოყენებით საკუთარი მონაცემების გადამოწმებას გულისხმობდა. სამწუხაროდ, თქვენი ინფორმაცია ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება იყოს დაუცველი, მიუხედავად იმისა, გამწვანდება თუ არა BFF თქვენს ფეისბუქზე.

ერთადერთი სწორი გზა იმისთვის, რომ ასეთ საეჭვო აპლიკაციებს თქვენს პირად მონაცემებზე წვდომა შეუზღუდოთ, არის თავად გადახედოთ და გააკონტროლოთ ასეთი აპლიკაციების უფლებები.

ინტერნეტში ყოფნისას ალბათ არაერთხელ დათანხმებულხართ შეგევსოთ რაიმე ტესტი, ან გაგეარათ რეგისტრაცია, ფეისბუქ ანგარიშის გამოყენებით. ამ დროს თქვენ შეიძლება აღმოაჩინოთ რომ წვდომა უამრავ ქართულ თუ უცხოურ კომპანიას ისეთ პერსონალურ მონაცემზე გაუხსენით, რომელსაც რეალურად არ ისურვებდით. ასეთ აპლიკაციებს, ფაქტობრივად, თქვენს ყველანაირ ინფორმაციაზე შეუძლიათ წვდომა (ელ ფოსტა, ფოტოები, თქვენი ლაიქები, მეგობრების სია, მდებარეობა, პროფესიული მონაცემები და ა.შ.).

მიჰყევით ქვემოთ ჩამოთვლილ ნაბიჯებს იმისთვის რომ შეუწყვიტოთ საეჭვო აპლიკაციების წვდომა თქვენს ფეისბუქ აქტივობებზე და გააკონტროლოთ მათი უფლებები.

1. დასაწყისისთვის დააწკაპეთ ფეისბუქის მარჯვენა ზედა კუთხეში მდებარე სამკუთხა სიმბოლოს.

facebook

2. შემდეგ ჩამოსაშლელ მენიუში აირჩიეთ პარამეტრების ღილაკი (Settings).

facebook

3. პარამეტრების ღილაკის არჩევის შემდეგ, მარცხნივ მოცემული მენიუდან აირჩიეთ Apps განყოფილება.

facebook

4. ამ განყოფილებაში, რომელსაც სავარაუდოდ არც ისე ხშირად სტუმრობთ, ალბათ იმაზე მეტ არასასურველ და მივიწყებულ აპლიკაციას აღმოაჩენთ, ვიდრე რეალურად წარმოგედგინათ. სრული ჩამონათვალის სანახავად დააკლიკეთ ღილაკს “ Show All”. ეს აპლიკაციები შეიძლება წლების წინ გამოიყენეთ და დაივიწყეთ, თუმცა ისინი კვლავ "დაგსდევენ" და აგრძელებენ თქვენი მონაცემების შესწავლას.

facebook

5. მიიტანეთ კურსორი რომელიმე აპლიკაციაზე. თქვენ დაინახავთ ჩასწორების და წაშლის ღილაკებს “Edit” და “Remove”. x ღილაკზე დაწკაპებით თქვენ მარტივად შეგიძლიათ წაშალოთ არასასურველი აპლიკაციები, ან აირჩიოთ Edit ღილაკი და ჩაასწოროთ ის უფლებები, რომლითაც თითოეული აპლიკაცია სარგებლობს.

6. ჩასწორების ღილაკზე დაწკაპების შემდეგ გამოვა უფლებების სრული ჩამონათვალი, რომლის მარჯვენა ნაწილში მოცემული ღილაკების განიშვნით აპლიკაციების შესაბამის ინფორმაციაზე წვდომა შეუწყდებათ.

7. საკუთარ აპლიკაციების გაკონტროლების შემდეგ, თქვენ აუცილებლად უნდა გააკონტროლოთ თქვენი მეგობრების მიერ გამოყენებული აპლიკაციების წვდომაც თქვენს მონაცემებზე. სამწუხაროდ, თქვენს შესახებ ინფორმაციას არა მხოლოდ თავად თქვენი თანხმობის შემთხვევაში გასცემთ, არამედ ამას გაუცნობიერებლად თქვენი მეგობრებიც ახდენენ. ჩასქროლეთ იმავე გვერდზე მოცემული ინფორმაცია და ოდნავ ქვევით დამატებით პარამეტრებს დაინახავთ, რომელიც მოცემულ სურათზე ისრებითაა ნაჩვენები:

8. აქაა მონაცემები, რომლებითაც თქვენ თქვენს მეგობრებს აძლევთ წვდომას გადასცენ თქვენი ინფორმაცია აპლიკაციებს რომლებსაც არა თქვენ, არამედ თავად ისინი იყენებენ. დაგვეთანხმებით, ეს უზარმაზარი ინფორმაციაა, რასაც თქვენი მეგობრები აწვდიან თქვენთვის უცხო აპლიკაციებს (ბიოგრაფია, რელიგიური და პოლიტიკური შეხედულებები, ინტერესები, ლაიქები, თქვენი აქტიურობა სხვა აპლიკაციებში და ა.შ.). განიშნეთ ყველა არასასურველი ღილაკი.

 

გაზიარება