მურმან დუმბაძე: თანამდებობას ავთანდილ ბერიძეც დატოვებს

20 თებერვალს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით ბაციკაძე და საფინანსო-ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარე, ალექსანდრე ჩიტიშვილი თანამდებობიდან გადააყენეს. მათი გადაყენების ინიციატორი „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, რომელსაც „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა, ანუ ე.წ. „მურმანის გუნდის“ სამმა დეპუტატმა - ჯემალ ფუტკარაძემ, სვეტლანა კუდბამ და მედეა ვასაძემაც დაუჭირა მხარი. საქართველოს პარლამენტის წევრი მურმან დუმბაძე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძის გადადგომასაც აანონსებს. რატომ დაუპირისპირდნენ თანაგუნდელები ერთმანეთს და რა პროცესებს უნდა ველოდეთ უმაღლეს საბჭოში? „ბათუმელებთან“ მურმან დუმბაძემ ისაუბრა.

ბატონო მურმან, უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა თქვენი პოლიტიკური გუნდით დაკომპლექტდა. დღეს ეს გუნდი დაშალეთ, რატომ?
მე არ ვცდილობ დაშლას. როცა უმაღლესი საბჭოს წევრებს მგონია, რომ შეგნებულად უშლიან ხელს საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებაში, ბუნებრივია, იწყება წინააღმდეგობა. მე შემიძლია მოვიყვანო უამრავი მაგალითი, როცა ცენტრალურმა ხელისუფლებამ ამ გუნდის დისკრედიტაცია დაიწყო.

მაგალითად?
როცა უმაღლესმა საბჭომ და მისმა ბიურომ რეგლამენტის მიხედვით მიიღო გადაწყვეტილება, რომ უმაღლეს საბჭოს შეეძინა მანქანა, გამოვიდა მთავრობის ვიცე-პრემიერი კახი კალაძე და პარლამენტის ვიცე-სპიკერს თითი დაუქნია. მორალური თვალსაზრისით, მე ვიყავი კატეგორიული წინააღმდეგი ამ მანქანის ყიდვის. დავურეკე ჩემს მეგობარს, პოლიტიკური თანამდებობის პირს და პირველად მაშინ ვახსენე სიტყვა „გადაგაყენებ“ თანამდებობიდან. მაშინ ყიდვა გადაიდო, თუმცა ბიურომ მაინც მოახერხა შემდეგ მანქანის ყიდვა, რადგან შიგნით მლიქვნელების გუნდი ჰყავს ავთანდილ ბერიძეს.

თითის დაქნევად რატომ აღიქვით კალაძის განცხადება?
იმიტომ, რომ ამ მანქანის შემდეგ ცხრა მანქანა იყიდა ავთანდილ ბერიძემ, მაგრამ თითი აღარ დაუქნევია. ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან არ ყოფილა არც საკომიტეტო, არც საპარლამენტო მოსმენები და არც პოლიტსაბჭოს სხდომა, რომ საკუთარი პოზიცია არ დამეფიქსირებინა. როგორც ჩანს, განსხვავებული აზრი არც ერთ ხელისუფლებას არ მოსწონს. იმ დღეს, როცა კახი კალაძემ თითი დაიქნია, აჭარის უმაღლესი საბჭო და ავთანდილ ბერიძე დასრულდა როგორც პოლიტიკოსი და მოსახლეობაში მოხდა საბჭოს დისკრედიტაცია.

რისთვის სჭირდებოდა კალაძეს უმაღლესი საბჭოს დისკრედიტაცია?

იმიტომ, რომ ავთანდილ ბერიძე მაშინ ჩემი გუნდის წევრად მოიაზრებოდა.

მაშინ თქვენც ხომ „ქართული ოცნების“ წევრი იყავით?

2013 წლის თებერვალში საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში ჰქონდა. როცა მაია ფანჯიკიძე ტრაპიდან ჩამოვიდა, მაშინვე გააკეთა განცხადება ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე და თქვა, რომ აჭარლებიც ქართველები არიან და მათ აქვთ უფლება ბათუმში ააშენონ მეჩეთი. როცა ბიძინა ივანიშვილს პოლიტსაბჭოს სხდომაზე შევხვდი, ვუთხარი თქვენი მთავრობის წევრმა ძალიან უგუნური განცხადება გააკეთა-მეთქი. მერე, რა, ეს ხომ მართლა ასეაო, - მითხრა. მაშინ მე დავარტყი მაგიდაზე ხელი და ვთქვი, რომ მეჩეთი ვერ აშენდებოდა. სხდომის შემდეგ კიდევ გვქონდა ცალკე საუბარი, სადაც ხმამაღალ საუბრამდე მივიდა საქმე. ამის შემდეგ ივანიშვილი გამებუტა და კავშირი გაწყდა.

მხოლოდ ამ საკითხის გამო გაემიჯნეთ „ოცნებას“?

იცით ეს საქმე როგორც განვითარდა, ერთ კვირაში დაიჭირეს ჩვენი გუნდის წევრი და მეგობარი ხელვაჩაურის გამგებელი ლევან ლორთქიფანიძე. თუმცა, სასამართლომ დაადგინა, რომ მას არანაირი გადაცდომა არ ჰქონია. ამის შემდეგ იწყება უმაღლესი საბჭოს დისკრედიტაციის ნიაღვარი, ბიუროს ფანჯრებს ესვრიან კვერცხებს, კარებს ჭედავენ და ა.შ. მე ვეკითხები ავთანდილ ბერიძეს და კახი კალაძესაც, უმაღლესმა საბჭომ ორი თვის წინ სამი მანქანა რომ იყიდა, ხმას რატომ არ იღებენ? იმიტომ, რომ ბერიძის გაბერუჩაშვილება მოხდა.

გინდათ თქვათ, რომ ავთანდილ ბერიძე თქვენს გუნდს განუდგა?

ავთანდილ ბერიძე გადაიბირეს. იყიდის ახლა მანქანას და ხმას არავინ ამოიღებს.

„ჯიპის“ ყიდვა საკმარისია პოლიტიკური ინტერესების შესაცვლელად?

მარტო „ჯიპი“ არა, 26 მაისისა და აბაშიძის ქუჩების კვეთაში მისი გუნდის წევრის სახლის მშენებლობა მიმდინარეობს. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ გარიგებაში მისი ინტერესი არ იყოს. ფულის აღება ბანკიდან, კომპანიის დაარსება და ამაზე ნებართვის მიღება მერიიდან, არ არის ადვილი საქმე.

მსგავსი სესხები აქვს აღებული საქართველოს მთავრობიდან ბევრ ჩინოვნიკს, ანუ ისინიც კორუფციაში არიან გარეულნი?

არა, სესხი მეც მაქვს, მაგრამ ამ სესხს უნდა უზრუნველყოფა. პოლიტიკოსი, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ მოქალაქეების უფლებები არ უნდა დაარღვიოს, სამშენებლო კომპანიას ვერ დააარსებს და მშენებლობას ვერ დაიწყებს, რომ არ არსებობდეს უფრო დიდი ინტერესი. ისიც ვიცი, რომ იმ სახლში ბინას აჭარის მთავრობის თანამშრომელიც მიიღებს.

ავთანდილ ბერიძეს მხოლოდ ამის გამო დაემუქრეთ თანამდებობიდან გადაყენებით?

არ არის ეს სიმართლე. მე გაბრაზებული ბერიძეზე კი არ ვარ, არამედ საქართველოს ხელისუფლებაზე, რადგან არასწორად იქცევა. თუ ხელისუფლება საკუთარი კომპეტენციების იქეთ წავა, ჩვენ მივიღებთ ავტორიტარულ რეჟიმს. ბერიძის ფაქტორი არის ის, რომ მან უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა დაკარგა და ამის შემდეგ ვერ მიიღებს ვერც ერთ გადაწყვეტილებას. ამიტომ, უნდა გადადგეს.

თქვენ საყვედურობთ საქართველოს ხელისუფლებას იმის გამო, რომ განსხვავებული აზრის გამო გაგრიყეს. თუმცა, იმავეს აკეთებთ თქვენც ავთანდილ ბერიძის მისამართით.

მე არ ვიტყოდი ასე, რადგან ეს არის გუნდური თამაში, გუნდური პრინციპები და მე არ ვატარებ ჩემს პოლიტიკას. ეს არის სახელმწიფო პოლიტიკა. რაში აღარ მეთანხმებიან? ერთ დღეს ამბობს, რომ აჭარის მთავრობა კორუმპირებულია და მეორე დღეს ამბობს, რომ ამაზე ეფექტური მთავრობა არ არის. ამაში არ მეთანხმებიან?

თქვენ და მედეა ვასაძე ხშირად საუბრობთ დოკუმენტებზე. შეგიძლიათ ახლა გვითხრათ, რის გამოქვეყნებას აპირებთ?

დღეს ლარის კურსი 2.22-ია. ორი წლის განმავლობაში ვთხოვდი აჭარის მთავრობას, რომ ერთი ადამიანი მაინც დაესახელებინა, ვინც რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ინვესტიცია ჩადო ბათუმში, მაგრამ ასეთი ბუნებაში არ არსებობს. ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობა არაეფექტურად მუშაობს. ჩვენ გვაქვს ოფიციალური დოკუმენტები იმის, რომ პირველი ერთი წლის განმავლობაში აჭარაში მილიარდ რვაასი მილიონის საინვესტიციო წინადადება შემოვიდა, მაგრამ აჭარის მთავრობამ ამ ინვესტიციების განხორციელებას ხელი არ შეუწყო. როცა ვთხოვე ხაბაძეს გამოეგზავნა ინვესტორების სია და როცა არ მოგვცა, ვუჩივლეთ ირაკლი ღარიბაშვილთან. ღარიბაშვილიც დაგვპირდა სიას, მაგრამ მაინც არ მოგვსვლია. ამის შემდეგ ჯემალ ბერიძემ მოგვაწოდა ეს დოკუმენტები ოფიციალურად, რის გამოც ბერიძე გააგდო სამსახურიდან და საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტი საერთოდ გააუქმა.

სხვა რა ფაქტები გაქვთ ხაბაძის წინააღმდეგ?

2012 წელს არჩილ ხაბაძის მამა, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მუშაობს, ყიდის 200 ტონა მაზუთს 76 ლარად და ამის დოკუმენტი მაქვს. მე ვამხილე კორუფციაში არჩილ ხაბაძის მეჯვარე ირაკლი ჭეიშვილი, რომელმაც 74 კვ.სმ ბინა იყიდა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩავლეიშვილმა კი აუქციონზე გატანილი მიწა უკან დააბრუნა.

როგორც იურისტებმა განმარტეს, ამ შემთხვევაში კანონი არ დარღვეულა.

აქ სახელმწიფო ქონებაზეა საუბარი. სად არიან ის ინვესტორები, მოვიდა ვინმე ამ მიწის საყიდლად?!

არჩილ ხაბაძესთან შეხვედრისა და რაიმე შეთანხმების მიღწევის მცდელობა გქონდათ?

არა. ან რა შეთანხმებაზეა საუბარი, როცა მთავრობის არაეფექტურ მუშაობაზე ვსაუბრობთ. ამ შემთხვევაში ხელისუფალი უნდა წავიდეს.

თქვენ ხელისუფლებას ნეპოტიზმშიც ადანაშაულებთ, თუმცა თავის დროზე ამბობდით, რომ ახლობლების დანიშვნა თანამდებობებზე პრობლემად არ მიგაჩნდათ. ახლა რატომ გახდა ეს პრობლემა?

მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ნეპოტიზმით ქვეყნის მართვის. ჩემთან მიმართებაშიც აგორებული თემა იყო ნეპოტიზმი.

მედეა ვასაძე თქვენი თანამოაზრეა, მისი ნათესავები: გიორგი კვაჭაძე, მეუღლე - შალვა ჯინჭარაძე და ძმის შვილის ქმარი - თამაზ დოლიძე უმაღლეს საბჭოში არიან დასაქმებული. ასევე დასაქმებულია თქვენი არაერთი ნათესავი, მათ შორის ჯამბულ კურცხალიძე, ეს არ არის ნეპოტიზმი?

ჯამბულ კურცხალიძე ჩემი ნათესავი არ არის. მე ვსაუბრობ იმაზე, რომ ხაბაძის ნათესავები არაკომპეტენტურები არიან და ჩემი ნათესავები კომპეტენტურები. მაგალითად, სულიკო თებიძე, თუმცა არც ის არის ჩემი ახლო ნათესავი. არჩილ ხაბაძის მამიდაშვილი კი, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის ხელმძღვანელია აჭარაში, აჭარის ტელევიზიასთან რომ აქცია იყო, იმას არბევდა.

როცა „ქართული ოცნებიდან“ გაგრიცხეს, მაშინ დააანონსეთ, რომ უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა დაიშლებოდა და გადადგებოდა აჭარის მთავრობა. ხაბაძის გადაყენება იმდენად პრინციპულია თქვენთვის, რომ შეგიძლიათ ამის გამო მეგობრებს დაუპირისპირდეთ?

როცა ლაპარაკია სახელმწიფოზე, უფლებამოსილების განხორციელებასა და კანონის აღსრულებაზე, მეგობრობა უნდა გადადო გვერდზე. აქ საუბარია სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაზე რეგიონში. მე ვუთხარი ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილსაც, რომ აჭარის მთავრობაში სახელმწიფო პოლიტიკა არ ხორციელდება.

უმრავლესობის დაშლა „ნაციონალური მოძრაობის“ მეშვეობით მოახერხეთ. ავთანდილ ბერიძის გადაყენებასაც მათი დახმარებით აპირებთ?

ჩვენი 30-წლიანი პოლიტიკური ისტორია მაძლევს საფუძველს, როგორც მეგობარს მივმართო, რომ ის უნდა გადადგეს. მე, პირადად, ვაპირებ ავთანდილ ბერიძის გადაყენებაზე განცხადების გაკეთებას. მე უკან დახევა არ მიყვარს, ფინალამდე მიყვარს მისვლა. „ნაციონალებთან“ თანამშრომლობას კი არ ვაპირებ.

დავით ბაციკაძემ „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ თუ ის დატოვებს თანამდებობას, იქნება რიგგარეშე არჩევნები. თქვენ ელოდებით ახალ არჩევნებს?

ბაციკაძემ კარგად უნდა წაიკითხოს აჭარის კონსტიტუცია. ახალი არჩევნების არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ იქნება. რიგგარეშე არჩევნები იმ შემთხვევაში ტარდება, თუ საბჭო მიიღებს ანტიკონსტიტუციურ კანონებს ან 21-ვე დეპუტატი შეიწყვეტს უფლებამოსილებას.

თქვენი აქტივობები წინასაარჩევნო აქტივობებს ჰგავს, არჩევნებისთვის ემზადებით?

ყველა არჩევნები მაინტერესებს, იქნება ეს რიგგარეშე თუ რიგითი.

საკუთარი პარტია გექნებათ, თუ აპირებთ სხვა პოლიტიკურ ძალასთან ალიანსს და ვინ შეიძლება იყოს ეს?

პარტიის შექმნის აუცილებლობას ვერ ვხედავ, თუმცა არაფერია გამორიცხული.

ვისთან თანამშრომლობა წარმოგიდგენიათ სამომავლოდ, ნინო ბურჯანაძესთან ხომ არა?

დღევანდელი მონაცემებით, ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა გადალახა ბარიერი. ესაა „პატრიოტთა ალიანსი“ და ბურჯანაძის პარტია, ეს დაახლოებით 200 ათასი ადამიანია. ახლა მხოლოდ ის ვიცი, რომ არ ვითანამშრომლებ „ქართულ ოცნებასთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“. საერთოდ, ყველაზე მეტად „რესპუბლიკელებს“ ვცემ პატივს, რადგან ისინი პრინციპების ერთგულნი არიან.

თქვენ ხშირად გაკრიტიკებდნენ თქვენი ლექსიკის გამო: ტილიანი, დუსტის ფული არ აქვს, ღატაკი - იძახით ხოლმე კოლეგების მისამართით. რამდენად შეესაბამება თქვენი ლექსიკა მაღალი თანამდებობის პირის ლექსიკას?

კი, გადაცდომაა. მე უკან მიმაქვს ეს სიტყვები, ბოდიშს ვიხდი ამ ლექსიკის გამო. არ ვარგა, რომ პოლიტიკოსმა ასეთი ენა გამოიყენოს და გამოსწორება შეიძლება.

ლელა დუმბაძე
გაზეთი "ბათუმელები"

გაზიარება