მიკაელ კადიევი და რიზვან ომაროვი გლდანის ციხიდან გათავისუფლდნენ

ორწლიანი პატიმრობის ამოწურვის შემდეგ დაღესტნელები, მიკაელ კადიევი და მისი ნათესავი რიზვან ომაროვი გლდანის N8-ე დაწესებულებიდან გათავისუფლდნენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კადიევის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა, შესაძლოა ორივე მათგანმა საქართველო უკვე დატოვა.
მიკაელ კადიევი და მისი ახლობელი რიზვან ომაროვი 2013 წლის 13 ივნისს დააკავეს. შს სამინსიტრომ იმავე დღეს გაავრცელა განცხადება, რომ მომზადების სტადიაზე იქნა აღკვეთილი ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა. ამასთან ტერაქტის მცდელობის გარდა კადიევსა და ომაროვს ბრალად იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა წარუდგინეს.
მოგვიანებით ტერაქტის მცდელობის ბრალდება ორივე მათგანს მოეხსნა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორ-ორ წლიანი პატიმრობა შეეფარდათ. ორწლიანი პატიმრობის ვადა სწორედ დღეს ამოიწურა.
ამასთან, როგორც ცნობილია კადიევი რუსეთის ფედერაციაში ძებნილად იყო გამოცხადებული. დაცვის მხარე აცხადებდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას კადიევის რუსეთისთვის გადაცემა სურდა. არც კადიევი და არც ომაროვი წარდგენილ ბრალდებას არც ერთ ეტაპზე არ აღიარებდნენ.
შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, მათი დაკავება ბოჭორმის ქუჩაზე მდებარე ბინაში აღმოჩენილი ასაფეთქებელი ნივთიერებების საფუძველზე მოხდა. რაც შეეხება რუსეთში კადიევის ძებნილად გამოცხადების მოტივს, მოსკოვის ინტერპოლი კადიევის ექსტრადირებას მისთვის რუსეთში წარდგენილი მკვლელობის ბრალდების საფუძველზე ითხოვდა. კადიევი კი აცხადებდა, რომ იმ პერიოდში, როდესაც მას მკვლელობაში ადანაშაულებდნენ, ის დაღესტანში სამაშველო სამსახურში მუშაობდა და მკვლელოიბასთან არავითარი კავშირი არ აქვს.
ამასთან, ადვოკატის მეშვეობით კადიევმა საქართველოს მთავრობას დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართა. დაკავების შემდეგ რამდენიმე საპროტესტო აქციაც გაიმართა, რომლის მოთხოვნა იყო, რომ კადიევი რუსეთისთვის არ გადაეცათ.

გაზიარება