ლეონარდო ერთ ფილმში 24 პერსონაჟს განასახიერებს!

ლეონარდო დიკაპრიო ახალი და ძალიან დიდი კარიერული გამოწვევის წინაშეა! ის უკვე ოფიციალურად მონაწილეობს ფილმში “ხალხით სავსე ოთახი”. ამბობენ, რომ უოსკარო მსახიობს წლებია, ამ სურათში მონაწილეობა სურს. ლეონარდო ახალ ნამუშევარში მთავარ პერსონაჟად, ბილი მილიგანად მოგვევლინება. ამ უკანასკნელს კი 24 ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ხასიათი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ დიკაპრიოს, ფაქტობრივად, 24 სხვადასხვა პერსონაჟის განსახიერება მოუწევს! იქნებ, ამ საოცარმა შემთხვევამ მაინც აღირსოს ოსკარი?!

“ხალხით სავსე ოთახი” დაფუძნებული იქნება დენიელ კისის მიერ 1981 წელს გამოქვეყნებულ წიგნზე “ბილი მილიგანის აზრები”.

“ვერ აკონტროლებდა რა საკუთარ მოქმედებებს, ბილი მილიგანი იყო ადამიანი, რომელშიც 24 განსხვავებული პერსონა ცხოვრობდა და რომელიც ცდილობდა, თავის სხეულსა და გონებას დაუფლებოდა. ყველაფრის კულმინაცია კი აღმოჩნდა მომენტი, როდესაც ბილიმ ციხეში გაიღვიძა და გაარკვია, რომ ტრეფიკინგისა და სამი ქალის გაუპატიურებისთვის დააპატიმრეს. სასამართლოზე ცდილობს, დაამტკიცოს, რომ მასში 24 ადამიანი ცხოვრობს და ყველა მათგანის გაკონტროლება ჯერ არ უსწავლია. ამაში სხვების დარწმუნება კი, რა თქმა უნდა, უჭირს.” – ასეთია აღწერა წიგნისა, რომლის ეკრანიზაციაშიც ბილის სწორედ ლეონარდო დიკაპრიო განასახიერებს.

ეკრანიზაციას ჯეისონ სმილოვიჩი და ტოდ კატზბერგი ხელმძღვანელობენ. რაც შეეხება საპროდუსერო საქმიანობას, ამას თავად დიკაპრიო და ჯენიფერ დევისონი შეითავსებენ.

ჯერჯერობით უცნობია გადაღებების დაწყებისა და საპრემიერო თარიღები.

allmovies.ge

გაზიარება