იგოეთთან ტრასაზე 1,5 მილიონი წლის წინანდელი ქვის იარაღები იპოვეს

კულტურის სამინისტროსა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ინიციატივით, მთავრობამ გრაკლიანის არქეოლოგიურ ძეგლს, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების 300 - ათას წლიან უწყვეტ განვითარებას ასახავს, ეროვნული მემკვიდრეობის სტატუსი გასულ კვირას მიანიჭა. არქეოლოგიური ზონა კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ იგოეთთან ტრასაზე მდებარეობს, სადაც ხანგრძლივი კვლევების შედეგად უძველესი ნივთები აღმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ გრაკლიანის გორა, რომელიც თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალის მშენებლობის დროს 2007 წელს გამოვლინდა, ყოველწლიური არქეოლოგიური კვლევების შედეგად ახალ და მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა. როგორც ძეგლთა დაცვის სააგენტოში აცხადებენ, ადგილზე აღმოჩენილი არტეფაქტები უნიკალურია და უწყვეტი განვითარების ისტორიას ადასტურებს.

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი ვახტანგ ლიჩელი "მთელ კვირასთან" საუბრისას ამბობს, რომ გორაზე მოპოვებულია ძველი ქვის ხანის ნივთები. მისივე თქმით, ესაა უაღრესად პრიმიტიული ქვის იარაღი, რომლის ასაკი ბევრად უფრო ძველია, ვიდრე 300 000 წელი და დაახლოებით 1,5 მილიონ წელს ან ცოტა მეტსაც ითვლის.

ისტორიკოსი და არქეოლოგი, რომელიც თავად გახლდათ გრაკლიანის ძეგლის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ ეს მონაპოვარი დაახლოებით დმანისის აღიარებული ძეგლის თანადროულია.

"გამოკვლევები სპეციალურად ჩაატარა ცნობილმა ქართველმა არქეოლოგმა პროფესორმა გურამ გრიგოლიამ და თარიღიც მისი განსაზღვრულია. თუმცა, ძიება ახალი დაწყებულია და საბოლოო დასკვნის მიღებამდე ჯერ კიდევ დიდი მოცულობის სამუშაოა ჩასატარებელი. მიუხედავად ამისა, გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ გრაკლიანი გორის სახით, საქმე უნიკალურ მრავალფენიან ძეგლთან გვაქვს," - ამბობს ლიჩელი.

მისივე თქმით, საქართველოში მსგავსი ტიპის მრავალფენიანი ძეგლი უკვე არსებობს, თუმცა გრაკლიანის ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელობა ისაა, რომ აქ უკვე გამოვლენილია საზოგადოების განვითარების 11 სხვადასხვა ეტაპის ამსახველი მატერიალური კულტურა ქვის ხანიდან ვიდრე შუასაუკუნეებამდე და რაც მთავარია, ეს ყველაფერი თავმოყრილია ერთ ბორცვზე.
<img src="http://www.resonancedaily.com/rubrics/rubs2/artc24121/a1427044917.jpg">"ეს ნიშნავს იმას, რომ სწორედ ეს ადგილი გამოიყენებოდა ათასეულობით წლის მანძილზე სამოსახლოდ, ეკონომიკური და კულტურული აქტივობისათვის, რისი დამადასტურებელი ნაშთებიც დიდი რაოდენობითაა მოპოვებული. საკმარისია დავასახელოთ თუნდაც ერთი ფაქტი - აქ მოპოვებულია მსოფლიოს უპირველეს ურბანულ ცენტრში - სამხრეთ მესოპოტამიაში არსებულ ქალაქ ურუკში ძვ.წ. 4-3 ათასწლეულებში დამზადებული ორი საბეჭდავი (ისინი დოკუმენტების ან საკუთარი ქონების დასაბეჭდად გამოიყენებოდა), რაც არა მხოლოდ ინტენსიური საგარეო ურთიერთობების, არამედ ადგილობრივი საზოგადოების სოციალური და ინტელექტუალური განვითარების ნათელი დასტურია და ეს ხდებოდა 6 ათასი წლის წინ", - ამბობს ისტორიკოსი და დასძენს, რომ ძეგლზე ახალი აღმოჩენების ალბათობა ყოველწლიურად იზრდება.ლიჩელის თქმით, ძეგლზე შესასწავლი ფართობი საკმაოდ დიდია, ამიტომ ფართომასშტაბიანი კვლევები მხოლოდ ახლა იწყება."გრაკლიანის გათხრებამდე ითვლებოდა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ძვ.წ. 5-4 საუკუნეებში გარკვეული კრიზისის ხანა იდგა, მოსახლეობა შეთხელდა, თითქოს ეკონომიკურად და კულტურულად დაკნინდა. გრაკლიანის გათხრების შედეგებმა კარდინალურად შეცვალა საქართველოს ისტორიის ეს მონაკვეთი - დადგენილია, რომ სწორედ ძვ.წ. მე-5 - მე-4 საუკუნეებში ქართლის მოსახლეობა განვითარების მაღალ საფეხურს აღწევს. მოსახლეობა მჭიდროდაა დასახლებული და აქვს შესანიშნავად ორგანიზებული ეკონომიკური საქმიანობა, ეწევა არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო, არამედ აქტიურ საწარმოო საქმიანობასაც."აქვე, გრაკლიანზე იწარმოებოდა მშვენიერი კერამიკა და ბრინჯაოს ნივთები, აქვე სრულდებოდა საყოველთაო კულტმსახურება, აქვე იყრიდა თავს იმდროინდელი ცივილიზაციის სხვადასხვა ცენტრში - ფინიკიაში, ეგვიპტეში, ირანში, საბერძნეთში, კოლხეთში დამზადებული ნაწარმი, რაც ფართო საგარეო და სავაჭრო ურთიერთობების დასტურია."აღსანიშნავია ისიც, რომ ადგილობრივი მოსახლეობა იყენებდა არა მხოლოდ თიხის, რკინისა და ბრინჯაოს, არამედ ძვირფასი ლითონის ნაწარმსაც - აღმოჩენილია ვეცხლისა და ოქროს სამკაული და ხელისუფლების დამადასტურებელი ინსიგნიები," - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას ისტორიკოსი და აქვე აღნიშნავს, რომ ძეგლის მნიშვნელობიდან და მდებარეობიდან გამომდინარე, აქ მუზეუმის მშნებლობა აუცილებელია.რაც შეეხება ძეგლთა დაცვის სააგენტოს, მისი დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ სააგენტოს მუზეუმის მშენებლობის კონცეფცია უკვე შემუშავებული აქვს. ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც 2007 წელს გრაკლიანის აღმოჩენა მოხდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არქეოლოგიურ ზონას ყოველდღიურად სწავლობს. 2014 წელს კი სამუშაობეში ძეგლთა დაცვის სააგენტო ჩაერთო და მასშტაბური სამუშაოების დასაწყებად გარკვეული ფინანსური სახსრებიც გამოყო.საგულისხმოა, რომ გრაკლიანის განვითარებისა და პოპულარიზაციის საკითხში დაინტერესებულია "იკრომის" (იუნესკოს არქეოლოგიური ძეგლების დაცვის, კონსერვაციისა და რესტავრაციის საერთაშორისო ცენტრი) გენერალური დირექტორი სტეფანო დე კარო. ვახტანგ ლიჩელის თქმით, მასთან თანამშრომლობის პროცესი უკვე დაწყებულია."მე ყოველთვის მხარს ვუჭერ საერთაშორისო თანამშრომლობას და ამისი დასტური გახლავთ ის არაერთი ერთობლივი საერთაშორისო პროექტი, რომელსაც ჩვენი უნივერსიტეტი არქეოლოგიის მიმართულებით გერმანიის, ავსტრიის, შოტლადიის, ინგლისის, იტალიისა და სხვა ქვეყნების დაწესებულებებთან ერთად ახორციელებს," - ამბობს ლიჩელი.ნიკოლოზ ანთიძის თქმით კი, ამ ტერიტორიაზე მუზეუმის მშენებლობა არა მხოლოდ ძეგლის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს, არამედ მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტების რაოდენობასაც. ძეგლთა დაცვის სააგენტოს დირექტორი ამბობს, რომ ძეგლის განვითარებისთვის სააგენტოს შესაბამისი გეგმა უკვე გააჩნია."გასულ წელს ამ ძეგლით საქართველოში ვიზიტად მყოფი იუნესკოს არქეოლოგიური ძეგლების დაცვის გენერალური დირექტორი, არქეოლოგი სტეფანო დე კარო დაინტერესდა. მას შემდეგ არქეოლოგთან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს. იგეგმება კიდევ ერთი ვიზიტი და არ გამოვრიცხავ, რომ ის სამუშაოებში უშუალოდ ჩაერთოს. ძეგლის მნიშვნელობას ეროვნული კატეგორიის გარდა, ასეთი პროფესიონალისა და მნიშვნელოვანი ფიგურის ჩართვაც განსაზღვრავს."სააგენტოს გრაკლიანის განვითარებისა და პოპულარიზაციის გეგმა უკვე აქვს, თუმცა, აქ ჯერ კვლევითი სამუშაოები უნდა გაგრძელდეს, რისთვისაც შესაბამის სეზონს ველოდებით. ჩვენი სპეციალისტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურ ექსპედიციასთან ერთად, სამუშაოებში უშუალოდ ჩაერთვებიან."ეს იმდენად მრავალფეროვანი ძეგლია, კვლევები აქ არასდროს დასრულდება, თუმცა, მუზეუმის მშენებლობისთვის კონცეფცია უკვე შემუშავებულია და ახლა გეგმის განხორციელებაზე ვიზრუნებთ," - უთხრა "მთელ კვირას" ანთიძემ.resonancedaily.com

გაზიარება