თავდაცვის მინისტრმა საფრანგეთთან ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ფრანგულ მხარესთან თავდაცვითი იარაღის შესყიდვის შესახებ კონტრაქტი გააფორმა. სამინისტროს ინფორმაციით, თინა ხიდაშელი პარიზის 51-ე საერთაშორისო სამხედრო-საავიაციო შოუს დაესწრო და კონტრაქტს ხელი ლაბერჟეს საავიაციო და ჰაერსაწინააღმდეგო იარაღის გამოფენის ფარგლებში მოაწერა.

"დღეს დავასრულეთ პირველი ეტაპი ფრანგებთან მოლაპარაკების და გაფორმდა ხელშეკრულება, რომელზეც ამდენი საუბარი იყო საქართველოში. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ორ წინამორბედ მინისტრს იმისთვის, რომ ეს პროცესი დაიწყეს, წარმართეს და მე მერგო პატივი, რომ პროცესი დამესრულებინა, ხელშეკრულებისთვის საბოლოო ფორმა მიგვეცა და ხელი მოგვეწერა. მინდა, მთელ საქართველოს ვუთხრა, რომ შესაძლებლობა, რომელიც გაუჩნდა საქართველოს, არის უმნიშვნელოვანესი მისი თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის და მადლობა ვუთხრა ფრანგულ მხარეს კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის. პირობები არის მაქსიმალურად მომგებიანი ჩვენი ქვეყნისთვის. ხელშეკრულებაც ძალიან წარმატებულია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია ძალიან გრძელი პროცესის, რომელიც მოემსახურება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უფრო მეტად განმტკიცებას და გაძლიერებას", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

http://www.tabula.ge/

გაზიარება