"დელტაში" არასწორს უწოდებენ ინფორმაციას, რომ სხვადასხვა რეგიონში უხვი ნალექი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ამუშავებას უკავშირდება

მოარული ხმები, თითქოს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოსული უხვი ნალექი დაკავშირებულია კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ამუშავებასთან, ძირეულად მცდარია, - ამის შესახებ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" გენერალურმა დირექტორმა, უჩა ძოძუაშვილმა დღეს განაცხადა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "დელტადან" აცნობეს, გასული სამი დღის განმავლობაში კახეთის რეგიონში სეტყვასაშიში პროცესების ინტენსიურობას სტიქიური სახე ჰქონდა.
უჩა ძოძუაშვილის განცხადებით, სეტყვასაშიში ღრუბლების საერთო ფართობმა 6500 კმ2-ს გადააჭარბა, რაც სისტემის სამუშაო ტერიტორიის ნახევარზე მეტია.
მისივე თქმით, ამ დროის განმავლობაში მთელი სისტემა და მართვის ცენტრი შესაბამის სამსახურებთან მჭიდრო კოორდინაციით, საჰაერო სივრცეში ფრენების უსაფრთხოების მაქსიმალური დაცულობით, 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა.
"გასროლილია 300-ზე მეტი რაკეტა, რამაც სტიქიის შემსუბუქების თვალსაზრისით ძალიან დიდი შედეგი მოიტანა. ის საკმაოდ დიდი ზარალი, რომელიც სეტყვის და ქარის ტანდემისგან იყო მოსალოდნელი, მაქსიმალურად თავიდან იქნა აცილებული. მოარული ხმები თითქოსდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოსული უხვი ნალექი დაკავშირებულია კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ამუშავებასთან, ძირეულად მცდარია. სისტემის მუშაოების სპეციფიკიდან და პრინციპიდან გამომდინარე მსგავსი კავშირი გამორიცხულია. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მუშაოების შედეგად, ღრუბელში არსებული ნალექის ადგილზე ჩამოწვიმება ხდება და არა ღრუბლის მასების ერთი ტერიტორიიდან მეორეზე გადადევნა", - აცხადებს ძოძუაშვილი.
რაც შეეხება მსგავსი სისტემის საქართველოს სხვა რეგიონებში დამონტაჟებას, ძოძუაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოს სრული ტერიტორია შესწავლის პროცესშია.
"სისტემის მოსაწყობად საჭიროა მთელი რიგი წინასწარი სამუშაოების და კვლევების წარმოება. სამუშაოების დასრულებისთანავე "დელტა" მზად იქნება, მსგავსი სისტემის სხვა რეგიონებში მოწყობისათვის. თავად სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, ისევე როგორც კვლევითი თეორიული მასალა და სეტყვასაშიშ ნალექებზე აქტიური ზემოქმედების პრინციპები, მთლიანად საქართველოშია შემუშავებული. "დელტაშია" დაპროექტებული და დამზადებული დღეს მომუშავე სისტემის მექანიკური და ელექტრონული ნაწილი. ზაფხულის ბოლომდე კი საქართველოში დაგეგმილია თავად სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტების წარმოების დაწყება", - აცხადებს ძოძუაშვილი.

http://www.interpressnews.ge/

გაზიარება